Monday, January 28, 2013

ფინური განათლების სისტემის წარმატების საიდუმლო

ლინკი

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტონი ვაგნერი იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია ფინეთმა ექსტრაორდინალურ წარმატებას ტესტირებისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭებით

როგორ მოახერხა ერთმა ინდუსტრიულმა ქვეყანამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული განათლების სისტემის შექმნა, იმგვარი სისტემისა, რომელიც სრულიად არ სწყალობს ტესტირებებს? ეს შეკითხვაა დასმული - და პასუხგაცემული - დოკუმენტურ ფილმში „The Finland Phenomenon: Inside the World’s Most Surprising School System". იკვლევს რა ამ ერის განათლების სიტემას, როგორც სხვებთან შედარებით, ყველაზე წარმატებულს, ფილმი უარყოფს ტესტირება-აკვიატებულ განათლების „რეფორმის" პოლიტიკას, რომელიც მასწავლებელთა დემონიზაციის ეწევა და რომელიც ამჟამად დომინირებს ამერიკაში.

ჩემს რადიო-გადაცემაში მე ვესაუბრე ჰარვარდელ მკვლევარს, ტონი ვაგნერს, რომელიც ზემოთხსენებული ფილმის წამყვანია. ის არის ასევე ავტორი 2008 წელს გამოცემული წიგნისა „The Global Achievement Gap: Why Even Our Best Schools Don’t Teach the New Survival Skills Our Children Need — And What We Can Do About It.” წინამდებარე ინტერვიუ გახდა საფუძველი ჩემი საგაზეთო სვეტისა ამ საკითხზე, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი დისკუსიის ტრანსკრიპტის სრულად გამოქვეყნება.

-რას მიაღწია ფინეთმა და როგორი ისტორია აქვს მის გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო სისტემას?

1970-იანი წლების დასაწყისში ფინეთს ნაკლებადგანვითარებული განათლების სისტემა ჰქონდა და საკმაოდ ღარიბი აგრარული ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ სატყეო მეურნეობაზე იდგა. ამიტომ, მათ კარგად იცოდნენ, რომ უნდა გაეუმჯობესებინათ განათლების სისტემა იმისათვის, რომ შეექმნათ ნამდვილ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა.

ამრიგად, მათ 1970-იან წლებში მომავალი მასწავლებლების შერჩევისა და გადამზადების სრული ტრანსფორმირება დაიწყეს. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცათ საგრძნობლად აემაღლებინათ მასწავლებელთა პროფესიონალიზმი. ყველა მასწავლებელი იღებდა მაგისტრის ხარისხს და გადიოდა მაღალი დონის გადამზადებას.

გამომდინარე აქედან, რაც მოხდა ფინეთში ხსენებული დროიდან, ეს იყო მასწავლებლობის, როგორც ასეთის, ყველაზე მეტად დაფასება. მასწავლებლობა არ გამხდარა მაღალანაზღაურებადი, ის უბრალოდ ძალიან დაფასებულ პროფესიად იქცა. მასწავლებლობის მსურველი ათი ადამიანიდან მხოლოდ ერთი თუ მიაღწევდა საკლასო ოთახამდე. ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ PISA-ს საერთაშორისო შეფასებით ფინეთმა უფრო მაღალი შეფასება მიიღო, ვიდრე სხვა დასავლურმა ქვეყნებმა, აღმოსავლეთში კი ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომლებიც იგივე შედეგებს აღწევენ თავიანთ განათლების სისტემებში.

-ესე იგი, ფინეთი ძირითადად მასწავლებლებზეა ფოკუსირებული და არა შიდა ტესტირებებზე. ეს PISA-ს ტესტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, საერთაშორისო შეფასებაა.

დიახ, სწორედ ასეა. ამ ქვეყანაში არ არსებობს ტესტირებები თუ არ ჩავთვლით ძალზედ მოკრძალებულ აუდიტორულ პროგრამას, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებული დემოგრაფიული მონაცემების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი და არა, მაგალითად, საჯარო კონსუმერიზმის, ანგარიშვალდებულებებისა ან ურთიერთშედარებისთვის სხვადასხვა სკოლების სასწავლო რეალობებისა. აღმაფრთოვანებელი ის არის, რომ პროფესიონალიზმის ასეთი მაღალი დონის შექმნით მათ შეუძლიათ უბრალოდ ენდონ საკუთარ მასწავლებლებს. მათი დევიზია „ენდე პროფესიონალიზმის საშუალებით". ფინეთში ძლიერ და სუსტ სკოლებს შორის განსხვავება ოთხ პროცენტზე ნაკლებია და ჩვენ ამგვარი მაჩვენებელი გვაქვს იმ პირობებში, რომ ქვეყანაში არ არსებობს არავითარი ტესტირება მასწავლებელთათვის.

-ეს სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო „რეფორმასთან" მიმართებაში. როდესაც გესმის აშშ-ში მიმდინარე დებატები განათლების სისტემის ირგვლივ, ძირითად იდეად იკვეთება მასწავლებელთა დემონიზაციის (demonize) საჭიროება და რომ რეალური გზა განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის სწორედ ტესტირებებია. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამხელა განსხვავება ამ ორი ქვეყნის დამოკიდებულებაში საკითხის მიმართ?

პირველ რიგში, მინდა მივუთითო, რომ ფინეთი მსოლფიოში ერთ-ერთ უპირველეს ქვეყნად არის შეფასებული ინოვაციურობის, მეწარმეობისა და კრეატიულობის თვალსაზრისით. ეს არ არის ჩვენი ბაბუების დროინდელი სოციალისტური ქვეყანა, ამ სიტყვის ნებისმიერი გაგებით.

გარდა ამისა, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ აშშ-ში რეფორმები ბიზნესების მიერ ხორციელდება ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში. სწორედ დევიდ კერნსი (Xerox-დან) და ლუი გერსტნერი (IBM-დან) იყვნენ, რომლებმაც მოიწვიეს ნაციონალური სამიტი განათლების საკითხზე. მათ არ მიუწვევიათ განათლების არცერთი სპეციალისტი, არამედ მხოლოდ აღმასრულებელი ოფიცრები, სენატორები და კონგრესმენები.

მესმის, რომ ბიზნესის ინტერესებში შედის უკეთესი უნარების გამომუშავება და განვითარება და ასევე მესმის გარკვეული უნდობლობა განათლების სისტემისადმი თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის ერთადერთი პროფესია შეიძლება იყოს, რომელიც სამსახურის გარანტიას გაძლევს მთელი სიცოცხლის მანძილზე. მაგრამ ფინეთში განსხვავებული ის არის, რომ იქ ორმხრივი კონსენსუსი იყო 30 წლის განმავლობაში განათლებისა და მაღალხარისხიანი სწავლების მნიშვნელოვნობასთან დაკავშირებით. ეს იყო პარტნიორობა ბიზნესებს, პოლიტიკოსებსა და განათლების სპეციალისტებს შორის.

-რას ეტყოდი იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება აშშ-სა და ფინეთის განათლების სისტემების შედარება, რადგან ფინეთის მოსახლეობა ჰომოგენურია, ხოლო აშშ-ში უფრო მეტად მრავალფეროვანი პოპულაციაა?

ჯერ ერთი, ფინეთი უფრო მეტად მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ზოგადად მიჩნეულია. მოსახლეობის 15 პროცენტი საუბრობს რომელიმე სხვა ენაზე. ჰელსინკის სკოლებში 45 ენაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, აშშ-სა და ფინეთის მოსახლეობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობებიც არის, მაგრამ არ შეიძლება ფინეთის, როგორც ქვეყნის, შედარება აშშ-სთან, როგორც ქვეყანასთან. ფინეთის ფართობი და მოსახლეობა მხოლოდ 33 პროცენტია შტატებთან შედარებით. ასე რომ, მოდით შევადაროთ ფინეთი და მინესოტა, რომლებსაც მსგავსი დემოგრაფია აქვს, კარგი? ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები ზოგადად მართლაც არის, ბევრი რამის სწავლა შეიძლება ფინური რეალობიდან.

-რას იტყვით ეკონომიკის როლზე? ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი დიანა რავიჩი ამბობს, რომ მხოლოდ განათლების სისტემას არ შეუძლია სიღარიბის დაძლევა და ხშირად ის ორგანულად ასახავს ამ სიღარიბეს. ფინეთი ნაკლებად არის ეკონომიკურად უთანასწორო საზოგადოება. რამდენად შეუძლია სიღარიბის ასეთ ნაკლებობას ახსნას ფინეთის წარმატება ჩვენს (ამერიკულ, დ.თ.) რეალობასთან შედარებით?

არსებობს ორი პასუხი ამ შეკითხვაზე. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, სოციალურ ფენას (კლასს) აქვს მნიშვნელობა. რომელიმე რაიონის სკოლაში მიღებული ტესტირების ქულა გარკვეულწილად კავშირშია იმასთან თუ რამდენად ღარიბი ან მდიდარი მოსახლეობაა ამ რაიონში.

მაგრამ ყოველივე ნათქვამის მიუხედავად, მე ნამყოფი ვარ ქვეყნის (გულისხმობს აშშ-ს, დ.თ.) ზოგიერთი უმდიდრესი რაიონის რამდენიმე საუკეთესო სკოლაში. მათ შორისაა კერძო სკოლებიც. ვნახე საშუალო (mediocre) დონის სწავლება იმ მასწავლებლების მიერ, რომლებიც ტესტებს აბარებდნენ. ეს ტესტები ორიენტირებულია მხოლოდ ფაქტოლოგიური ხასიათის ინფორმაციის გახსენებაზე ანუ წარმოადგენს მეხსიერების ტესტს, რომლებსაც სტუდენტებიც აბარებენ, მაგრამ არ გულისხმობს იმ უნარების შემოწმებას, რომლებიც აუცილებელია ცოდნის გლობალურ ეკონომიკაში.

ეს არის რაც ფინეთმა გააკეთა განსხვავებული - მათ განსაზღვრეს თუ რა არის საუკეთესო სწავლება (არა უბრალოდ გონივრული სწავლება) და მათ გააჩნიათ ამის სტანდარტი. მეორე, მათ ასევე განსაზღვრეს თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებისას და ეს არის არა მეხსიერებაზე, არამედ აზროვნებაზე დაფუძნებული კურიკულუმი. ასე რომ, ჩვენს უმდიდრეს რაიონებშიც კი ვერ ვუახლოვდებით წარმატების ამ გლობალურ სტანდარტს.

-თუ ჩვენ შევძლებთ როგორღაც მაგიური ჯოხის აქნევას და სწორედ ახლა შევძლებთ ფინური საგანმანათლებლო სისტემის გადმოტანას აშშ-ში, როგორ ფიქრობთ, იქნება კი ის ისეთივე საუკეთესო შედეგის მომტანი, მხედველობაში მივიღებთ რა ასევე ეკონომიკურ განსხვავებებსა და უთანასწორობას?

ეს თაობების განსახილველი პრობლემაა და მე მწამს, რომ ამ ეკონომიკურ განსხვავებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მაგრამ მე ნამყოფი ვარ ასევე ძალიან ღარიბ სკოლებშიც (ე.წ. KIPP schools), რომლებსაც, ფინური სკოლების მსგავსად, განსაზღვრული აქვთ თუ რა არის საუკეთესო სწავლებისა და სწავლის პროცესში. ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება ამ KIPP სკოლების შედეგების ხილვა, თუ როგორ აბარებენ შემდეგ საუკეთესო კოლეჯებში და იქ წარმატებით აგრძელებენ სწავლას სწორედ ასეთი სკოლების მოსწავლეები. ეს ყველაფერი კი საუკეთესო სასწავლო სტანდარტის შედეგია. ასე რომ, დიახაც სოციალურ ფენას აქვს მნიშვნელობა. ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ ეს საკითხები და ჩვენ არ შეგვიძლია ეკონომიკური ფაქტორი მოვიშველიოთ გასამართლებელ საბუთად, რომ დაბალი მიღწევები სწორედ ამ მიზეზით გვაქვს განათლებაში.

-როგორ მოახერხა ფინეთმა მოსახლეობის თვალში მასწავლებლის როლი იმ დონემდე აემაღლებინა, რომ ის არა მხოლოდ საპატიო (honorable), არამედ სათაყვანებელ (revered) პროფესიადაც ექცია, მაშინ როცა აშშ-ში მასწავლებლები ხშირად უსამართლო კრიტიკას იმსახურებენ?

ისინი მართლაც მიიჩნევენ მასწავლებლებს მეცნიერებად, საკლასო ოთახებს კი ლაბორატორიებად. ასე რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, - იქ თითოეულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი, რომლებიც სწორედ შინაარსობრივი ხარისხებია. ამ ხარისხების მისაღებად ისინი არ გადიან სულელურ კურსებს განათლების თეორიისა და ისტორიის შესახებ. ისინი ეუფლებიან სწორედ მიზნობრივ კურსებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ მაღალი ინტელექტუალური მზაობით მოვიდნენ საკლასო ოთახში. ეს ერთი.

მეორე: მათ პროფესიონალიზმი განსაზღვრეს, როგორც მაქსიმალურად გუნდური მუშაობა. მასწავლებლებისთვის გამოყოფილია სასკოლო დღე თუ სასკოლო კვირა, როდესაც მათ შეუძლიათ ერთმანეთთან მუშაობა და კურიკულუმებისა და გაკვეთილების უწყვეტი დახვეწა-გაუმჯობესება. ფინელებმა დიდი ხნის წინ მასწავლებლები იზოლირებული ვითარებიდან გამოიყვანეს და მისცეს მათ ერთად მუშაობის დრო.

თარგმანი დავით თინიკაშვილისა

No comments:

Post a Comment