Monday, January 28, 2013

განათლების განვითარება ეფექტიანმა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესმა უნდა უზრუნველყოს

ლინკი

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიისას სამ პრიორიტეტს შორის განათლება დაასახელა, რაც, ბუნებრივია, მეცნიერებასაც მოიცავდა, ვინაიდან მეცნიერების გარეშე შეუძლებელია განათლებისა და მთლიანად ქვეყნის სამომავლო პერსპექტივების დასახვა. მეცნიერების უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ პოზიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების მიერ არაერთხელ იყო გამოხატული. საარჩევნო დოკუმენტის ფორმატისა და მცირე მოცულობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დოკუმენტში მკაფიოდ იქნა ჩამოყალიბებული განათლების სფეროში არსებული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის პრიორიტეტული მიმართულებები და ამოცანები. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების უმთავრეს საფუძველს ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი და მის მიმართ არსებული ნდობა წარმოადგენდა, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში არსებითი როლი კოალიციის საპროგრამო დოკუმენტმაც და მათ შორის, განათლების სფეროსთან დაკავშირებით დაფიქსირებულმა დაპირებებმაც შეასრულა (თუმცა, ესეც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უნდა დავუკავშიროთ, ვინაიდან მან არაერთხელ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ რეალურ(!) დაპირებებს გასცემდა). ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან განათლების სფეროთი დაინტერესებული მხარე, შეიძლება ითქვას, მთელი მოსახლეობაა (მოსწავლე-ახალგაზრდობა, მშობლები, ბებია-ბაბუები და ა.შ.). გარდა ამისა, საბედნიეროდ, საქართველოში დღემდე მაღალია განათლების მიღებისაკენ (შეიძლება ზოგჯერ მოდურიც, მაგრამ უმეტესად მაინც შინაგანად მოტივირებული) სწრაფვა და იმავდროულად, ბევრი ოჯახისთვის მძიმეა და ზოგჯერ გაუსაძლისიც განათლების ხარჯების ანაზღაურების ტვირთი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მაღალია საზოგადოების ინტერესი უკვე ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მიერ განათლების სფეროში გადადმული თითოეული ნაბიჯის მიმართ. საზოგადოება მოელის ხელისუფლების თანმიმდევრულ, სამართლიან, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს - საარჩევნო დოკუმენტში მოცემული დებულებების ცხოვრებაში გატარებას, მოლოდინების რეალობად ქცევას და განათლების მისაღებად, ხშირ შემთხვევაში, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯების გაღებისაგან გათავისუფლებას. საზოგადოება მოელის არა ცალკეულ, თუნდაც მოსაწონ გადაწყვეტილებებს, არამედ ქმედებებს, რომელიც მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად იქნება განხორციელებული. ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში ცალსახადაა დაფიქსირებული: „განათლების სისტემის მართვა არა ფასადურ, არამედ თანმიმდევრულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას დაეფუძნება“. ეს დებულება ყველა სხვა პროგრამულ დებულებათა შორის უმთავრესია, ვინაიდან მის ეფექტიან განხორციელებაზე დამოკიდებულია სხვა პროგრამული მიზნებისა და შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დღეისათვის ქვეყნის განვითარების მხოლოდ საშუალოვადიანი დაგეგმვა გამოიყენება. „საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა არის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, რომელიც „ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ასევე ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. შესაბამისად, ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრება საშუალოვადიან და მოკლევადიან (საბიუჯეტო წლის განმავლობაში) პერიოდში განათლების სფეროში განათლების და მეცნიერების სამინისტროს და სხვა სამინისტროების საშუალოვადიანი პრიორიტეტები და პროგრამები. დაგეგმვის ეს წესი, ფაქტობრივად, 2005 წლიდან მოქმედებს, თუმცა ავტორიტარული ხელისუფლების საქმიანობის შედეგები სავალალოა და არსებითად გასაანალიზებელია ამ შედეგების მიზეზები. გამოვყოფ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია ამ შედეგების დასაძლევად: 1. უნდა აღდგეს სამართლიანობა (უსამართლობის, შეზღუდული და ფიქტიური აკადემიური თავისუფლების პირობებში სტრატეგია შედეგის მომცემი ვერ იქნება); 2. განათლება და მეცნიერება ის სფეროებია, რომელთა განვითარება გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას უნდა დაეფუძნოს (სხვაგვარად წარმოუდგენელია საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება); 3. სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტი უნდა შემუშავდეს საყოველთაო განხილვის, მოსახლეობის ფართო ჩართულობის საფუძველზე; 4. განათლების და მეცნიერების გრძელვადიანი სტრატეგია შესაბამისობაში უნდა იყოს მთლიანად ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიასთან, სხვა დარგობრივ და ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ სტრატეგიებთან.

მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი ქვეყნის ჰარმონიული და წარმატებული განვითარება. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის პროცესის წარმართვას კი შესაბამისი ინსტიტუციური უზრუნველყოფა სჭირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს ქვეყნის რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკური მოხსენების, სტრატეგიის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების შედეგად უკვე მიღებული გამოცდილება. ამ ექსპერტული და შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით შექმნილი იყო სახელმწიფო და სპეციალური კომისიები შესაბამისი სამდივნოთი, სადაც კონკურსის(!) საფუძველზე მოწვეული იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები, უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი ჯგუფების ღიაობა და მათში საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმები. სტრატეგიის შემუშავების პროცესი მხარდაჭერილი იყო საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის, პოლონეთისა და გერმანიის მთავრობების, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. ვფიქრობ, სწორედ ამ მხარდაჭერამ განაპირობა ექსპერტული საქმიანობის წარმატებული განხორციელება გაუსაძლისი რეჟიმის პირობებშიც კი. აღნიშნული ფართომასშტაბიანი სტრატეგიული დოკუმენტების (ასევე, სხვადასხვა დროს, განათლების და მეცნიერების სფეროს სტრატეგიული დოკუმენტების) შემუშავების პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სტრატეგიული გეგმის მომზადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ პროცესის ეფექტიან წარმართვას, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მისი სამართლებრივი და ინსტიტუციურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

ვფიქრობ, ახალი ხელისუფლების მიერ განათლების და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო(!) კომისიის (შემდგომში, სახელმწიფო კომისია) შექმნის განაცხადი სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით გაკეთდა. თუმცა, სახელმწიფო კომისია, როგორც ამას დადგენილი წესი მოითხოვს, დღემდე არ შექმნილა. ცალკე განსახილველ პრობლემად მესახება ისიც, რომ არ არის განსაზღვრული სახელმწიფო ინსტიტუცია (ორგანო), რომელსაც ყველა დონისა და სფეროს გრძელვადიანი სტრატეგიების კოორდინაციის კომპეტენცია ექნება. ფინანსთა სამინისტრო, როგორც აღინიშნა, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საშუალოვადიანი დოკუმენტის შემუშავებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის კომპეტენცია აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, დებულების შესაბამისად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს განსაზღვრული აქვს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებების დაგეგმვის უფლებამოსილება, მისი განვითარების პროგნოზირების განხორციელება.

სახელმწიფო კომისიის დადგენილი წესის შესაბამისად შექმნა, აუცილებელი პირობაა „ქართული ოცნების“ განათლების პროგრამული დოკუმენტის წარმატებული განხორციელებისათვის, რომელიც ლოგიკურ შესაბამისობაში უნდა იყოს გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებთან და ამოცანებთან. სახელმწიფო კომისიის ორგანიზაციის, საქმიანობის წესისა და უფლებამოსილებების განსაზღვრის გარეშე შეუძლებელი იქნება: ა) ყველა დაინტერესებული მხარის გამოვლენა და მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა სტრატეგიის შემუშავების პროცესში; ბ) განათლების და მეცნიერების სფეროს ყოველმხრივი (ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების) ანალიზი; გ) სიღრმისეული პრობლემების ანალიზის განხორციელება და ამის საფუძველზე სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დასახვა; დ) ყველა სხვა სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებთან განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი სტრატეგიების თავსებადობა.

სახელმწიფო კომისიის შექმნის იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იყო ინიცირებული, ამიტომ საზოგადოება მოელის, რომ იგი შეიქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და უზრუნველყოფილი იქნება მის საქმიანობაში საქართველოს პარლამენტის წევრთა ჩართულობაც.

დღეისათვის სახელმწიფო კომისიისათვის მხოლოდ სიტყვიერი მანდატის მინიჭებით, პროცესი არ არის და ვერც იქნება იმგვარად ორგანიზებული, რომ მან სრულყოფილების განცდა შეუქმნას საზოგადოებას. სახელმწიფო კომისიის საინიციატივო ჯგუფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აცნობს საზოგადოებას მის მიერ დამოუკიდებლად ან ცალკეულ ჯგუფებთან ერთად შემუშავებულ კონცეპტუალურ დოკუმენტებს და შესაბამისად, უკუკავშირიც სუსტი და არაკოორდინირებულია. როდესაც სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესის დადგენის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, აქ სწორედ ამგვარი სპონტანური ურთიერთობების გამორიცხვას ვგულისხმობთ, ამიტომ სახელმწიფო კომისიის საქმიანობა მკაფიოდ უნდა იყოს რეგლამენტირებული, ხოლო საქმიანობის წესი - მისი უფლებამოსილებების განხორცილებაზე ორიენტირებული. დღეისათვის, კომისიის საქმიანობა, შეიძლება ითქვას, ნახევრადსახელწიფო-ნახევრადსაზოგადოებრივი კომისიის ნიშნებს ატარებს და მას ვერც ერთ სამართლებრივ ჩარჩოს ვერ მივუსადაგებთ. ეს, თავის მხრივ, ქმნის განათლების და მეცნიერების სფეროში საზოგადოებრივი აქტივობების შემცირების საფრთხეს, რაც არცთუ უმნიშვნელო პრობლემად მიმაჩნია, ვინაიდან ვთვლი, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევისათვის, განათლების და მეცნიერების რეფორმის საზოგადოებრივი(!) კომისიის შექმნაც, ძალზედ საშური საქმეა. შეიძლება, ჩემი ეს წინადადება საზოგადოებამ უკვე ინიციატივადაც ჩათვალოს და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მის მიმართ. გარდა ამისა, გარკვევას საჭიროებს განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლი და მონაწილეობა ამ კონტექსში.

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო სახელმწიფო კომისიის მიერ უკვე გამოქვეყნებულ კონცეპტუალურ დოკუმენტს (დოკუმენტებს). კონცეფციას ძირითადი უფლებების რეალიზაციის ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მასში, ძირითადად, აკადემიური თავისუფლების გარანტიების შექმნაზეა საუბარი (სხვა მსჯელობის საქმეა, თუ როგორაა განხილული თავად გარანტიები), მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი განათლების ძირითადი უფლების რეალიზების გარანტიების შექმნაზე, რაც, თავის მხრივ, თანასწორობის პრინციპის რეალიზების გარანტიების შექმნასაც გულისხმობს. გასათვალისწინებელია, რომ განათლების, როგორც ერთ-ერთი სოციალური უფლების რეალიზება, სახელმწიფოსაგან გარკვეული მოქმედების შესრულებას მოითხოვს, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის (მათ შორის, მოსახლეობის უთანაბრობის მაჩვენებლის) გათვალისწინებით. ვფიქრობ, კონცეფციის ქვაკუთხედი სწორედ განათლების ფუნდამენტური უფლების რეალიზების ზოგადი ჩარჩოს გააზრება უნდა იყოს. კონცეფციის ეს ხარვეზი, ჩემი აზრით, გამოწვეულია სწორედ კომისიის საქმიანობის სამართლებრივ-ორგანიზაციული მოწესრიგების ნაკლებობით.

მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, საჯაროდ, სხვადასხვა ფორმით, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში მუდმივად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას განათლების და მეცნიერების სფეროში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის და მთლიანად რეჟიმის შეცვლის გარდაუვალობის შესახებ. ერთი ადამიანისათვის დაკისრებული კომპეტენციის ფარგლებში, ვფიქრობ, პირნათლად შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, როცა აქტიურად დავუჭირე მხარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას და ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების წარმართვას. დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება კი, როგორც კოალიციის ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს და მეც სრულად ვიზიარებ მის პოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით შეიძლება იქნეს მიღწეული. სამოქალაქო საზოგადოების შექმნაა ძირითადი უფლებების, მათ შორის განათლების და ინტელექტუალური საქმიანობის დაცვის გარანტი. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში შეტანილ ერთ აქტივობად მინდა იყოს აღქმული ჩემი ეს წერილიც.


თამარ ზაალიშვილი

განათლების, მეცნიერების და რეგიონული განვითარების სპეციალისტი

ფიზიკოსი, ეკონომისტი, იურისტი

No comments:

Post a Comment