Monday, January 28, 2013

რატომ ვუჭერ მხარს გია დვალის რეფორმას

ლინკი

დღეს ბევრი ლაპარაკობს განათლების რეფორმის აუცილებლობაზე და ყველა თანხმდება, რომ განათლების სისტემა საქართველოში სრული კატასტროფის წინაშეა. ამ აზრზე არიან კონსერვატორებიც და ლიბერალებიც, სოციალისტებიც და კაპიტალისტებიც. მოკლედ, საზოგადოების 99 პროცენტმა კარგად იცის, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე და განსაკუთრებით, უკანასკნელი 9 წლის მანძილზე საქართველოში სიბნელემ დაისადგურა. ამ სიბნელის შედეგად მივიღეთ ფუნდამენტალისტური ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ერთი მხრივ, ბნელი შუასაუკუნეების დაბრუნებას ქადაგებენ და მეორე მხრივ ასევე ბნელი ბოლშევიკური, ემპირიოცენტრისტული მეტანარატივის გაღვივებას ცდილობენ. "დიდი ინკვიზიტორის" და სერგო ორჯონიკიძის მემკვიდრეების ამ ყოვლად უაზრო დიქოტომიას მხოლოდ ის მოაქვს ჩვენი განათლების (უფრო სწორად გაუნათლებლობის) სისტემისათვის, რომ ახალგაზრდობას უაღრესად დოგმატური და პოლიტიზებული ინფორმაცია მიეწოდება, რომელიც რეალურ ცოდნას კი არ წარმოადგენს, არამედ მის ფანტომს.
ეს არ არის მარტივი განსახორციელებელი, რადგანაც მძიმე ტოტალიტარული მემკვიდრეობიდან მოვდივართ. საბჭოთა დოგმატურ მატერიალისტური მემკვიდრეობა, რომელიც ლენინიზმის დამახინჯებული ვერსია იყო და ყველაფერ შემოქმედებითს ოფიციალური ცენზურით ებრძოდა, ჩაანაცვლა ფსევდო-ლიბერალურმა დოგმატიკამ, რომელიც დაახლოებით იმავე მეთოდებით მართავდა სისტემას. საბჭოთა სისტემა, რომელისთვისაც ყოვლად მიუღებელი იყო კერძო საკუთრების თუნდაც ერთი მარცვალი, ყოფილი საბჭოთა მეცნიერის ბენდუქიძის მიერ დამკვიდრებულმა დოგმატურმა "საბაზრო" აზროვნებამ ჩაანაცვლა, რომელიც ასევე მთლიანად გამორიცხავდა ყველაფერ საჯაროს და საერთოს.

ამ ორ დოგმატურ სისტემას - საბჭოურსა და "მიშ-ნაციონალისტურს" - ერთი საერთო ნიშანთვისება ჰქონდა - სრული მონოპოლია დისკურსზე და ლამისაა ბიბლიის რანგში აყვანილი ემპირიოცენტრიზმი. ის ემპირიოცენტრიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიო სოციალური მეცნიერების პრაქტიკამ უკვე 1960-იან წლებში საფუძვლიანად უარყო უფრო ჰოლისტური (მთლიანი) ფილოსოფიის სასარგებლოდ. ჟაკ დერიდას ცობილი თეზისი "სულების" შესახებ მხოლოდ ერთი მაგალითია ამის დემონსტრირებისათვის. დღევანდელი ნაციონალისტური აკადემიური ნომენკლატურა (აქ შედიან ილიას უნივერსიტეტის მმართველი ჯგუფის წარმომადგენლები, ბენდუქიძის უნივერსიტეტის და სახელმწიიფო უნივერსიიტეტის უმაღლესი ჩინები და სხვა) მხოლოდ ზედაპირულად შეეცადა დასავლური ლიბერალური განათლების პრინციპების გადმოღებას.

ნაციონალისტური რეფორმა ყბადაღებული "უნარ-ჩვევების" ტესტის დონეზე დარჩა და სინამდვილეში ის დივერსიფიკაცია ვერ გაიარა, რომელიც სრულფასოვან განათლების კერებს მოეთხოვება. დღევანდელი მეცნიერული ნომენკლატურის ამოსავალ წერტილად არა მხოლოდ დოგმატური ემპირიოცენტრიზმი დარჩა - (ჟილ დელიოზის "ბერგსონიზმი" ძალიან კარგი შრომაა, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაწერილი, რომელიც ამ მეთოდის აბსურდულობას ამტკიცებს) - არამედ მან, დასავლური პოლიტმეცნიერების მხოლოდ ერთი განხრა - ნეოკონსერვატიზმი აიღო, რომელიც მსოფლიო სოციალური მეცნიერების ძალიან პატარა შემადგენელ ნაწილია და ისე წარმოაჩინა, თითქოს მისი ალტერნატივა არ არსებობს. აგრეთვე, მან კულტივირება გაუკეთა ეგრეთწოდებულ "კულტურულ მემარცხენეებს", რომლენიც მუდმივად იდენტობის საკითხებს უტრიალებდნენ და სოციალური სამართლიანობის სხვა მოდელებს არც კი განიხილავდნენ. ასეთმა სისტემამ ჩვენს ჰუმანიტარულ განათლებაში სზოგადოებრივ აზროვნებაში მკვეთრად ფაშისტური სტერეოტიპები გააძლიერა და საზოგადოება სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებს შორის მუდმივი კონფლიქტის წინაშე დააყენა.

რა თქმა უნდა, საქართველოში იყვნენ ახალი თაობის პროგრესულად მოაზროვნე სოციალური მეცნიერები, ისეთები როგორებიცაა კორნელი კაკაჩია, ნინო მახაშვილი, მარინა მუსხელიშვილი და სხვები. მაგრამ სისტემატურად ხდებოდა მათი ნააზრევის მარგინალიზაცია ფსევდომეცნიერების სახელით. ნაციონალისტური მეცნიერული ნარატივის ავტორები ასეთ მეცნიერებს წმინდა პოლიტიკური ნიშნით უკეთებდნენ დეკლასიფიკაციას და მას ადგილას ისეთი ტიპის კომიკურ სახეებს აწინაურებდნენ, როგორიც ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი თეა თუთბერიძე ან ლევან რამიშვილია. შედეგად მივიღეთ, რომ ქართულ სოციალურ მეცნიერებაში არაფერი ახალი არ ხდებოდა - ანუ არაფერი ისეთი, რომელიც აზროვნების ახალ პარადიგმას ან ხედვას დაამკვიდრებდა. ხდებოდა დასავლეთში უკვე 50 წლის წინ გადაღეჭილი თემების უნიჭო გადმომღერება ქართულ რეალობაში, რაც ბუნებრივია ახალგაზრდობაში დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევდა.

გია დვალი ერთ-ერთი ის მეცნიერია, რომელმაც თავის დარგში უკვე აღმოაჩინა ეს ახალი პარადიგმა და ამისათვის უკვე მიიღო კიდეც საერთაშორისო აღიარება. თომას კუნის ცნობილი ნაშრომი "მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა" სწორედ ამ ტიპის მოღვაწეობას გულისხმობს მეცნიერებაში. ნამდვილი მეცნიერი ახალი აღმოჩენის წინ ყოველთვის დაბურულ ტყეში დადის, სადაც მას ყველა დანარჩენი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს. ახლის აღმოჩენას არა მარტო დიდი გაბედულება სჭირდება, არამედ აკადემიური დაწესებულების სტურქტურული მხარდაჭერაც. რამეთუ ახალი პარადიგმა და ახალი სააზროვნო კატეგორია, განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებაში, ვერ წარმოიშვება დიდი შემოქმედებითი რისკის გარეშე. ის ხშირად არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურასაც ეწინააღმდეგება. მაგრამ, ტენუარის სისტემა მეცნიერს იცავს ამგვარი უამინდობისაგან - ის მის შემოქმედებით თავისუფლებას უზრუნველყოფს. ამიტომაც არის, რომ დასავლურ აკადემიაში სოციალურ მეცნიერთა დიდი ნაწილი პოლიტიკურად არ დგას მეინსტრიმის პოზიციაზე.

"კარტეზიანული ლინგვისტიკის" ავტორი ნოამ ჩომსკი თავის უდიდეს აღმოჩენებს ვერ გააკეთებდა ლინგვისტიკაში და კომუნიკაციების თეორიაში, მას რომ ტენუარის პოზიცია არ ჰქონოდა - ანუ დაცვის კედელი არსებული პოლიტიკური კონიუნქტურისაგან. ისევე, როგორც ბევრი სხვა მეცნიერი. მიშელ ფუკოს წიგნი თანამედროოვე "ბიოპოლიტიკაზე" ვერ იხილავდა სინათლეს, მას რომ ბენდუქიძის მაგვარი იდეოლოგიური ცენზორები ჰყოლოდა. შეგახსენებთ, ერთ-ერთ ინტერვიუზე ერთ-ერთ ცნობილ სოციალურ მეცნიერთან ბენდუქიძემ პირდაპირ თქვა, რომ "სამუშაოდ ვერ აიყვანს ტროცკისტებს და მემარცხენეებს". ამგვარი იდეოლოიური ცენზურა ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას.

რა თქმა უნდა, ისეთი მეცნიერები, როგორებიცაა ვთქვათ, თამაზ გამყრელიძე, გურამ თევზაძე, თემურ ნანეიშვილი და სხვები ტენუარის პოზიციას თავიდანვე იმსახურებენ. მაგრამ, ახალგაზრდა მეცნიერებს შორის ტენუარის პოზიციაზე დამტკიცების პირველი ტალღა ჩაივლის აღიარებული მსოფლიო მეცნიერების მონაწილეობით - ისინი სწორედ აღნიშნული მეცნიერების შემოქმედებითი თავისუფლების ხარისხს შეაფასებენ - რამდენად შეუძლია ამა თუ იმ მეცნიერს ახალი სიტყვის თქმა და აღმოჩენის გაკეთება. ამისათვის მხოლოდ მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი. ამისათვის საჭიროა შემოქმედებითი რისკის გაწევაც. ცოდნა არა მხოლოდ წაკითხული წიგნების და მონოგრაფიების რაოდენობაა, არამედ მათი გათავიისების უნარიც და ამის საფუძველზე ახალი დასკვნის გაკეთების საშუალებაც. თუ მეცნიერს არ შეუძლია ახალ სააზროვნო პარადიგმაზე გადასვლა, მაშინ ის მეცნიერად ვერ ჩაითვლება. მოგეხსენებათ, ალბერტ აინშტაინი პატარაობაში მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შემდგომში სწორედ ის იყო, ვინც თავდაყირა დააყენა მაშინდელი მეცნიერული წარმოდგენები.

გია დვალის მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენც არ ვართ სხვეზე ნაკლებნი. ჩვენც შეგვიძლია ამ ახალი პარადიგმის მოძიება, ისევ და ისევ საკუთარი ძირებიდან - რა თქმა უნდა, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. მაგრამ, ამისათვის საჭიროა რადიკალური რეფორმა ჩვენი განათლებისა და კვლევის სისტემებში. თუკი ადრე ლენინისტურ-მარქსისტული დოგმატიკა ზღუდავდა ჩვენს აზროვნებას, დღეს ის ჩაანაცვლა კიდევ უფრო უსახო და წრფივმა "სოციალური დარვინიზმის" პარადიგმამ, ჰაიეკისა და მილტონ ფრიდმანის ფილოსოფიამ. დღევანდელი განათლების სისტემის ფუნქციონერები ამ აზროვნების სისტემას კითხვის ნიშნის გარეშე იღებენ და ყველა იმას დევნიან, ვინც მათ სააზროვნო კატეგორიაში არ ჯდება. ნამდვილი განათლების სისტემა ყოველთვის უფორ დივერსიფიცირებული და მრავალხმოვანი უნდა იყოს - სადაც არა მარტო ფროიდს ასწავლიან, არამედ იუნგსაც და ბერგსონსაც, დელიიოზსა და ალთუსერსაც.

სხვათა შორის, ალთუსერზე გამახსენდა. მოგეხსენებათ, ის მარქსისტი სოციალური მეცნიერი იყო, მაგრამ მანაც გადაწყვიტა შემოქმედებითი რისკი, როდესაც ემპირიოცენტრული სააზროვნო კატეგორია არ ცნო ერთადერთად. ამის გამო მას ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა მაშინდელ მეცნიერულ წრეებში, მაგრამ აკადემია მას ისევე იცავდა, როგორც ნებისმიერ სხვას.

შემოქმედებითი აზროვნების დაცვა არის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა და სწორედ ამის გამო ვუჭერ მხარს გია დვალის რეფორმას. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის კონკრეტული მიმართულებების ირგვლივ ღირს ბევრი დისკუსია და უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების მრავალი ფენის აზრი.

თუმცა, ჩვენი ჩამყაყებული და ჩამპალი ნაციონალისტური "გაუნათლებლობის" სისტემის განახლება აუცილებელია. ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით.

No comments:

Post a Comment