Monday, January 28, 2013

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტის კრიტიკული ანალიზი

ლინკი

საქართველოს მთავრობას ნაკისრი აქვს ბოლონიის დეკლარაციით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნისათვის საჭირო ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშირ-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაშიც არის ასახული. ამ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება კი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო განათლებისა და მეცნიერების რეფორმაზე მომუშავე კომისიის მიერ წარმოდგენილ კონცეფცია სამწუხაროდ არ არის ორიენტირებული ამ გამოწვევებზე. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენს ნიუ იორკის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ”დაწინაურებისა და ტენუირების სახელმძღვანელო პრინციპების” პლაგიარიზებულ და ქართულ ენაზე დილეტანტურად ინტერპრეტირებულ ვერსიას, რომელიც არარელევანტურია ქართულ რეალობასთან მიმართებაში. უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე ამ კონცეფციის ავტორებს არ უნდა სჭირდებოდეთ იმის შეხსენება, რომ მასალების სარგებლობისას აუცილებელია შესაბამისი წყაროს მითითება და რეფერირება, და არ შეიძლება სხვისი საავტორო უფლების დარღვევა. აღნიშნული წყარო განთავსებულია შემდეგ ვებგვერდზე: http://www.nyu.edu/about/policies-guidelines-compliance/policies-and-guidelines/promotion-and-tenure-guidelines.html, ხოლო პლაგიატის ნიმუშს კი წარმოადგენს ქვემოთ მოყვანილი ორი აბზაცი, რომლებიც არის ნათარგმნი ქართულად ყოველგვარი ციტირების გარეშე და ჩაწერილია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტის მესამე თავში, მე-7 გვერდზე.

“The Departmental Promotion and Tenure Committee (or its counterpart in small schools) must carry out a review of the candidate. This committee may be appointed by the department chair, or it may be elected, following traditional practice in the department or school. Departments may establish ad hoc committees for each promotion and tenure case, or they may establish a single committee each year to review all cases. In either case, the committee must consist of only tenured members of the department of appropriate rank. The committee must have at least three such members. If the department does not have three tenured members, the committee should include appropriate tenured members from other departments of the school. It is the responsibility of the Promotion and Tenure Committee to assemble the relevant materials, to review them in detail, and to prepare a written report to the chair with a recommendation in favor or against the promotion and/or tenure of the candidate. The numerical vote of the Committee must also be contained in the report.

Depending on the P&T rules of the department or the school, the report and recommendation of the P&T committee may be presented to the tenured department faculty of appropriate rank for a vote, or may be passed on to the chair of the department or, in a school without a departmental structure, directly to the dean. In the case where the entire tenured faculty is eligible to vote, a reasonable effort must be made to enable eligible faculty to receive all relevant materials and to participate in the discussions and vote, and the vote of the faculty must be reported to the Dean by the chair of the department. The Chair of the Department must then forward the written recommendation and numerical vote of the Promotion and Tenure Committee, together with the names of the Promotion and Tenure Committee members and their method of selection, his/her own evaluation and recommendation, and in cases where a departmental vote is taken, the numerical vote of the eligible tenured faculty of the department.”

ე.წ. ”ტენუარის”, ანუ მუდმივი აკადემიური უფლებამოსილების სისტემა არ წარმოადგენს უნივერსალურად მიღებულ მოწინავე მსოფლიო სტანდარტს, როგორც კომისიის წევრები ამტკიცებენ. ამ სისტემამ მასშტაბურად იფუნქციონირა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ისეთ წარმატებულ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა, სადაც თავმოყრილია მძლავრი ინტელექტუალური რესურსით შეიარაღებული მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები. 1972 წლის შემდეგ, აშშ-ში მისი აქტუალურობა თანდათან შესუსტდა და დღევანდელ რეალობაში იგი სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა. გლობალური გამოწვევების, შეფასების არარელევანტურობისა და ფინანსური შეზღუდვების გამო, ამერიკული უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა მოახდინა Tenured Professorship-ის ჩანაცვლება Adjunct Professorship-ით. 1987 წელს ”ტენუარის სისტემაზე” ოფიციალური უარი განაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც, რასაც ნამდვილად არ შეუსუსტებია ბრიტანული უნივერსიტეტების წამყვანი ლიდერული პოზიციები მსოფლიო რეიტინგებში.

გლობალიზაციის პროცესმა გამოიწვია ფუნდამენტური მნიშვნელობის რეალური ცვლილებები მსოფლიოში, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტებზეც. დღეს არსებულ გლობალურ კონკურენტულ გარემოში, მეცნიერთა და მკვლევართა ცირკულაცია მკვეთრად დინამიური გახდა. ახალი გლობალური მოთხოვნების გათვალისწინებით, უნივერსიტეტებმა დაიწყეს ტრანსფორმაცია, რაც გამოიხატება ხშირ როტაციასა და მაღალი ინტენსიურობით ახალი ინტელექტუალური რესურსის მოზიდვაში. მაღალი რანგის მეცნიერებისა და მკვლევარებისთვისაც აღარ არის უკვე მისაღები სტატიკური ფორმატის მქონე ”ტენუარის სისტემა”, რადგან იგი ზღუდავს შესაძლებლობას გადაადგილების, მოდერნიზაციისა და დინამიური განვითარებისთვის. არაკონკურენტუანარიანი ქართველი პროფესორები კი, კონკურენციის შიშის გამო, ცდილობენ საკუთარი სტატუს-კვოს შენარჩუნებასა და მუდმივი პრივილეგირებული სტატუსის მიღწევას.

1990-იან წლებში უნივერსიტეტების პროფესორთა ამერიკულ ასოციაციას მოუხდა ათასობით პროფესორის საჩივრის განხილვა უსამართლო შეფასებებთან და არაკვალიფიციური პროფესორებისთვის მუდმივი აკადემიური უფლებამოსილების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააყენა საკითხი ფედერალურ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქართველოში, სადაც სახეზეა ინტელექტუალური ეროზია, კორუფცია, ნეპოტიზმი, ქრონიზმი, კლიენტელიზმი, და პრაქტიკულად არ არსებობს მაღალი დონის შემფასებელი სუბიექტი და კვალიფიცირებული პროფესურა, რომელიც შეფასების თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ქვეყანა დადგება დესტრუქციული რეალობის წინაშე. არაკონკურენტუარიანი პროფესორების პრივილეგირების ლეგიტიმაცია საფრთხეს შეუქმნის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნასა და ახალგაზრდა და პროგრესულად მოაზროვნე კადრების შემოდინებას უნივერსიტეტებში, რომლებიც დაემსგავსებიან ისეთ ჩაკეტილ და არაპროდუქტიულ ორგანიზაციას, როგორიცაა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ნებისმიერ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ღიაობა, კონკურენტულობა, პროაქტიულობასა და მუდმივ განახლებაზე ორიენტაცია. კომისიის მიერ წარმოდგენილი ხედვა საკმაოდ ბუნდოვანია შეფასების კრიტერიუმებთან მიმართებაში, თუ ვინ უნდა იქნას აღიარებული ”მუდმივი აკადემიური უფლებამოსილების” სტატუსის მატარებელ პროფესორად და ვის მიერ.

როგორ უნდა განხორციელდეს ეს სისტემა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ე.წ. ”ღვაწლმოსილი პროფესორებით” დაკომპლექტებულმა აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად აირჩია ყოველგვარი მეცნიერული საქმიანობისაგან შორს მდგარი პიროვნება კვიტაშვილი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხიც კი არ გააჩნია. ხოლო თავად ამ აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობის მეცნიერული და აკადემიური კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ხარისხი კი ნულს უტოლდება, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე უნარების, უცხო ენისა და ელემენტარული კომპიუტერული პროგრამების არცოდნაზე.

ტენუირებული პროფესორის წოდების მიღება საკმაოდ გართულებული და პრაქტიკულად შეუძლებელია ჰარვარდის უნივერსიტეტშიც კი, რომელსაც ქართული უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით სოლიდური ინტელექტუალური, ფინანსური და მატერიალური რესურსი გააჩნია.

კომისიის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში აბსოლუტურად უადგილოდ არის მოხსენიებული ე.წ. ”ჰარნაკის პრინციპი”, რომელიც მაქს პლანკის საზოგადოების მიერ იქნა დანერგილი მსოფლიო დონის მკვლევარების მოზიდვისა და მათი შენარჩუნების მიზნით. მაქს პლანკის ინსტიტუტები ორიენტირებულნი არიან წმინდა პროგრესულ მეცნიერულ კვლევებზე და არ გააჩნიათ აკადემიური პროფილი, მაშინ როდესაც უნივერსიტეტის მისია ფოკუსირებას უნდა ახდენდეს როგორც ფართო ინტერდისციპლინარულ კვლევებზე, ისე აკადემიურ საქმიანობაზე. კონცეფციაში საერთოდ არ აჩანს გამიჯვნა ამ ორ პროფილს შორის, რომ არაფერი ვთქვათ ტექნიკური, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციფიური თავისებურებების გათვალისწინებაზე.

კონცეფციის ავტორთა მოსაზრებით, ტენუარის სისტემის დანერგვის შემდეგ მეცნიერული ხარისხის კონტროლი განხორციელდება თანასწორუფლებიან კოლეგათა მიუკერძოებელი ურთიერთშეფასების (Peer Review) გზით და არა რომელიმე პრივილეგირებული ჯგუფის შეხედულების მიხედვით. თუ რაში მდგომარეობს კოლეგათა მიუკერძოებლობის გარანტია, აღნიშნულ კონცეფციაში ვერ მოვიძიეთ. თუ ვიმსჯელებთ იმ დღევანდელი მოცემულობით, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარების დონე დაბალი და არაკონკურენტუნარიანია, რასაც თავად კონცეფციის ავტორებიც მიუთითებენ, ამ შემთხვევაში ჩნდება ლოგიკური კითხვა: კონკურენტუნარიანი კანდიდატის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ვინ იქნებიან ის კოლეგები რომლებიც მას კომპეტენტურად და ობიექტურად შეაფასებენ?! თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში, მით უფრო ქართული სახელმწიფოს დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულებას კონკურენტული ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდა უნდა წარმოადგენდეს, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ისეთი მწირი სახელმწიფო ბიუჯეტის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უიმედო და არაპროდუქტიული მკვლევარების სამეცნიერო მიზნებზე ორიენტირებული ინსტიტუტების არსებობა ყოვლად გაუმართლებელია.

კონცეფციაში მოყვანილი მოსაზრების თანახმად სისტემის ფუნქციონირება დაფუძნებული იქნება სამ მუდმივმოქმედ მართვის რგოლზე. აქედან ორი რგოლის ანალოგი უკვე არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭო და უნივერსიტეტის რექტორი, რომელთა მუშაობის შედეგი პირდაპირ ასახულია ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობაში. რაც შეეხება გარეშე რწმუნებულებს, აქაც ბუნდოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ჯგუფში, რა კრიტერიუმებით და ვის მიერ მოხდება მათი შერჩევა.

კონცეფციის ავტორები აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის მთავარი საზრუნავი არის მაღალი ხარისხის პროფესორ-მასწავლებლების მოზიდვა და მათი შენარჩუნება, სათანადო აკადემიური და მატერიალური პირობების შექმნის გზით. აღნიშნული საკითხები მოითხოვენ უზარმაზარ ფინანსურ რესურს, რომლის ჩადებით მიღებული მომავალი დივიდენდები გარანტირებული უნდა იყოს კარგად გათვლილი სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე, რაც ნახსენებიც არ არის ამ კონცეფციაში.

უცხოელი პროფესორების ჩართვა შეფასების პროცესში არ არის აპრობირებული მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ლოგიკური კითხვაა თუ რატომ დათანხმდებიან მსოფლიოში მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები ჩაერთონ შეფასების საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესში მოტივაციის გარეშე. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია იმის განსაზღვრა, თუ ვის მიერ და რა ფორმით უნდა მოხდეს უცხოელ პროფესორთა რელევანტურობის დადგენა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მეცნიერული მიმართულებები საკმაოდ დივერსიფიცირებული, კომპლექსური და ინტერდისციპლინარულია, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა კი მოსალოდნელზე მაღალი, საკმაოდ რთული იქნება ამ პროცესის ეფექტურად წარმართვა, რომ არაფერი ვთქვათ ტექნიკურად განხორციელების შრომატევადობაზე, რაც გულისხმობს კანდიდატთა მიერ კონკურსში წარდგენილი დოკუმენტაციის უცხო ენაზე თარგმნას, კორესპონდენციას და ა.შ.

კონცეფციის ავტორები აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს ახალი მაღალი დონის კადრების მოზიდვა, ისევე როგორც ძველი, შედარებით არაკონკურენტუნარიანი კადრების შენარჩუნება. მაშინ როდესაც აკადემიური თანამდებობების რაოდენობა შეზღუდულია, აბსოლუტურად გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს ერთდროულად არსებული კადრების შენარჩუნებაც და ახალი კადრების მიღებაც. ნათელია, რომ აღნიშნული ინიციატივა ძველი კადრების განაწყენების შიშით უფროა განპირობებული, ვიდრე რეფორმაზე ფოკუსირებით.

კონცეფციაში მოყვანილი კიდევ ერთი გარეშე კომიტეტის ცნება გაუგებარი და დაუსაბუთებელია, ვინ იქნებიან ამ კომიტეტის წევრები, ვის მიერ იქნებიან შერჩეულნი და რაც მთავარია ვინ გადაუხდის ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის, ვინაიდან ისინი არ იქნებიან უნივერსიტეტის შტატში, სავარაუდოა რომ ანაზღაურება მიიღონ განათლების სამინისტროსგან, შესაბამისად მათი დამოუკიდებლობის საკითხი ეჭვის ქვეშ დგება.

კონცეფციაში წარმოდგენილი კიდევ ერთი მოსაზრება, ორმაგი ტენუარის მინიჭების შესახებ აბსოლუტურად გაუაზრებელია. იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს უნივერსიტეტები დაუშვებენ ტენუარი პროფესორის სხვა უნივერსიტეტში მოღვაწეობას, უცხოეთის უნივერსიტეტების მხრიდან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

ხშირად ადგილი აქვს დილეტანტურ და კვაზიაკადემიურ დისკურსს კონცეფციის პროპონენტებსა და ოპონენტებს შორის. არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური პიროვნებები, საკუთარი თავის წარმოჩენისა თუ პრივილეგირებული სტატუსის მიღების მიზნით, მსჯელობენ ზოგად აბსტრაქციულ თემებზე სკოლებისა და უნივერსიტეტების დემოკრატიულ გარდაქმნასთან დაკავშირებით და წარმოდგენა არა აქვთ გლობალური გამოწვევების, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის, განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის საკითხებზე. კონცეფციებისა და პოლიტიკის შემუშავებაზე მხოლოდ გაუგებარი კრიტერიუმებით დაკომპლექტებული ხუთკაციანი კომისიები კი არ უნდა მუშაობდნენ, არამედ ფართო ინტერდისციპლინარულ ფორმატში წარმოდგენილი და დარგის განვითარებაზე ფოკუსირებული მაღალი რანგის ექსპერტები.

საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხრადაჭერითა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (კემბრიჯის, ოქსფორდის, მაასტრიხტის, ბოლონიის) განხორციელებული სამეცნიერო პროგრამების ფარგლებში, უშუალოდ ჩემი ავტორობითა და კოორდინაციით შეიქმნა მმართველობის მერიტოკრატიული მოდელი, ეროვნული საინოვაციო სისტემის კონცეფცია და პროფესორთა შეფასების მერიტოკრატიული მოდელი, რომლებიც დაფუძნებულია დასავლეთის წარმატებულ ქვეყნებში აპრობირებულ მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე და სადაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმას საკვანძო ადგილი უკავია. უახლოეს მომავალში იგეგმება მათი პრეზენტაცია სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრში. დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ აქტიური თანამშრომლობისკენ.

გიორგი ივანიაშვილი-ორბელიანი - სოციალური კვლევისა პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე

No comments:

Post a Comment