Monday, January 28, 2013

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ანალიზი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით.

წინამდებარე წერილი შემუშავდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე 2012 წლის 7 დეკემბერს

შესავალი

ჩვენ ინტერესითა და ყურადღებით გავეცანით გია დვალისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებული კონცეფციის პირველად სამუშაო ვერსიას. კონცეფცია შეიცავს გასატარებელი რეფორმების მნიშვნელოვან ჩამონათვალს და საშუალებას იძლევა საჯაროდ იქნას განხილული საქართველოს მომავალი უმაღლესი განათლების ხარისხისა და ავტონომიის საკითხები. ჩვენ ვეხმაურებით ამ დოკუმენტს და საერთაშორისო თვალთახედვიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ რა მთელ რიგ ფაქტობრივ შეცდომებს და ასევე მათ ინტერპრეტაციას, რაც ნიშნავს, რომ შემოთავაზებული რეფორმები ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს.

როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ გპასუხობთ საჯარო დებატების ჭრილში საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმების მომავალი სტრატეგიების შესახებ, რაც კონცეფციის ავტორების მოთხოვნაც არის.

პირველ რიგში, მოცემულობის სახით ვაკეთებთ დაშვებას, რომ ყველა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს მწირი რესურსები განათლებისა და სხვა აუცილებელი საზოგადოებრივი სიკეთისთვის, უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული რესურსები გამოყენებულ იქნას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთისთვის. ეს დაშვება, თავის მხრივ, განსაზღვრავს იმ ძირითად მონაცემებს, რომელსაც დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს. (ასეთია ბიუჯეტის ლიმიტი, სრულ განაკვეთზე მომუშავე აკადემიური პერსონალის რაოდენობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სასურველი შეფარდების ინდიკატორები).

უნივერსიტეტების მისია 21-ე საუკუნეში

უნივერსიტეტის მისიის განაცხადი, როგორც წესი, მოიცავს უნივერსიტეტის როლს სწავლებასა და კვლევაში, და მის წვლილს საზოგადოების განვითარების საქმეში ეროვნულ, რეგიონულ, და საერთაშორისო დონეზე. მისიის განაცხადიდან გამომდინარეობს უნივერსიტეტის მიზნები და საშუალებები, რომელითაც ის პერიოდულად ირჩევს ამ მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი მიზანი შესაძლოა იყოს ის, რასაც კონცეფციის ავტორებმა აკადემიური საზოგადოების მისია უწოდეს „ცოდნის მიღება და გავრცელება", თუმცა უნივერსიტეტის როლი ასევე უნდა იყოს განათლება, კვლევა და საზოგადოების მსახურება (ადამიანური კაპიტალის ფორმირების თვალსაზრისით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას; ანდა მოქალაქეობის შესახებ განათლების კუთხით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში) იმ დონეზე, რის საშუალებასაც ამა თუ იმ ინსტიტუტის სპეციფიკა იძლევა, მისი ავტონომიისა და პროფესურისა და სტუდენტების აკადემიური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით; ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ აკადემიური თავისუფლება სტუდენტის სწავლისა და კვლევის განუყოფელი ნაწილია. უნივერსიტეტის წარმატებულობა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეეფერება მისი საქმიანობა მისსავე მიზანს: ჰარვარდის მიზანი განსხვავდება საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნისგან, თუმცა ორივე მათგანი შეიძლება იყოს წარმატებული. (განმარტებისთვის, ჩვენ არ ვეთანხმებით კონცეფციაში გაცხადებულ აზრს იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის წარმატება განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ კვლევის ფარგლებში). ჩვენთვის ასევე ცხადია, რომ უნივერსიტეტის (ან ინსტიტუტის) წარმატება ქვემოდან ზემოთ იზრდება, და არა პირიქით, და მოითხოვს მეცნიერების კრიტიკულ მასას საერთაშორისო რეპუტაციის შესაქმნელად.

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ზომა და ფორმა

კონცეფცია არაფერს ამბობს უმაღლესი განათლების სისტემის უპირველესი საკითხის - მისი სიდიდის და ფორმის შესახებ. აქ მთელი რიგი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორებია. პირველ რიგში, რამდენად დიდი უნდა იყოს სისტემა? სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს უმაღლესი განათლების 57 დაწესებულება. ეს შესაფერისი რიცხვია? არის თუ არა პროფესურისა და სტუდენტების შეფარდება ოპტიმალური? არის თუ არა ბაკალავრიატის სტუდენტთა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა რიცხობრივი პროპორცია ადეკვატური?

ამ ინსტიტუტებიდან ბევრი კერძო დაწესებულებაა. როგორი კავშირი უნდა იყოს საზოგადოებრივ დაფინანსებაზე მყოფ უნივერსიტეტებსა და საქართველოს უმაღლესი განათლების კერძო სექტორს შორის? კერძო ინსტიტუტების სასწავლო გადასახადი დაურეგულირებელია. საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადასახადებს კი ზღვარი აქვს დაწესებული. ამან შესაძლოა საზოგადოებრივი ინსტიტუტები არახელსაყრელ კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენოს. უნდა მოხდეს თუ არა მათი სასწავლო გადასახადების დე-რეგულაცია?

არსებული 57 უმაღლესი განათლების დაწესებულებიდან 41 თბილისშია. ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებების რანჟირების კვალობაზე პირველი სამი მეოთხედი თბილისშია. სასურველია თუ არა ეს საქართველოს მოსახლეობის გადანაწილების გათვალისწინებით? როგორია განათლების შემდგომი სტრატეგია განვითარებისთვის - უმაღლესი სასწავლებელების სასურველი გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში?

საგანმანათლებლო დაწესებულებების თბილისში თავმოყრამ შესაძლოა შექმნას მასშტაბის ეფექტი და კრიტიკული მასა ქვეყნის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. მეორეს მხრივ, შესაძლებლობებისა და რესურსების თანაბარმა გადანაწილებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად მოაგვაროს თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა. რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტს, რომელსაც უნდა თბილისის პრესტიჟულ დაწესებულებაში ისწავლოს, აქვს ძალიან მაღალი პირადი ხარჯი (საცხოვრებელი, კვება, სამგზავრო ხარჯები). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხშირად ოჯახს არ აქვს სახსრები გადაიხადოს აღნიშნული დანახარჯები, კარგმა სტუდენტებმა შესაძლოა ვერ მოახერხონ უკეთეს უნივერსიტეტებში სწავლა. რეგიონული უნივერსიტეტების გაუმჯობესებამ შესაძლოა დასწიოს აღნიშნული პირადი ხარჯები და მოაგვაროს უთანასწორობის პრობლემა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ უნივერსიტეტების როლს საზოგადოების ცხოვრებაში, რესურსების თანაბრად გადანაწილებამ შესაძლოა გააუმჯობესოს თბილისის გარეთ მცხოვრები საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

და ბოლოს, არსებობს უნივერსიტეტებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის რესურსების გადანაწილების საკითხი. ზოგიერთი ქვეყანა მცირე ყურადღებას უთმობს პროფესიულ განათლებას, ზოგი კი პირიქით, დიდ ძალისხმევას ანდომებს ამ საკითხს. უმაღლესი განათლების კონცეფციაში პროფესიული განათლების კომპონენტის უგულვებელყოფა არაგონივრულია. სავარაუდოდ, მას გაცილებით უფრო მაღალი დამატებითი ღირებულება აქვს ეკონომიკისთვის.

ამ საკითხების განხილვა საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ საჯარო დისკუსიების დროს მოითხოვს მყარ და გამჭვირვალე მონაცემებს თბილისსა და რეგიონებს შორის რესურსების გადანაწილების, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება ფული უნივერსიტეტებში ამჟამად, რამდენია სტუდენტების რაოდენობა თითოეულ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტთა რაოდენობების შეფარდება, და უნივერსიტეტების ბიუჯეტებში როგორ არის გადანაწილებული ფინანსები და რესურსები სწავლებასა და კვლევას შორის.

ტენუარი და მმართველობის როლი

სრულიად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მმართველობის სწორი სტრუქტურა უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების გარანტიაა. ეს არ უდრის ტენუარის სისტემის შემოტანას, როგორც ამას კონცეფცია გვთავაზობს; ტენუარის სისტემა, როგორც აქაა განხილული, გვახსენებს საბჭოთა კავშირის დროს არსებულ აკადემიას, რომლის დისკრედიტაციაც მოგვიანებით იმ მიზეზით მოხდა, რომ ის ერთმანეთისგან აცალკევებდა კვლევასა და სწავლებას. მსგავსი სისტემები ჯერ კიდევ არსებობს საფრანგეთსა და გერმანიაში; ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში ცდილობს მათ შეცვლას. ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ტენუარის სისტემა აგრესიული პროცესია. მისი მიღება ძალიან ძნელია, ხოლო ვინც ტენუარს ვერ იღებს, კარგავს თანამდებობას; ისინი, ვინც ტენუარის სტატუსს იღებენ, მუდმივი შემოწმებების ქვეშ არიან. სიმართლეა ის, რომ ტენუარი ხელს უწყობს დამოუკიდებელ კვლევას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის ქმნის ოლიგარქიას ან გერონტოკრატიას, რაც ზღუდავს კვლევის დაფინანსებას და სხვა საჭირო სიკეთეების შეზღუდვას ახალგაზრდა პროფესორების კვლევითი და სასწავლო კარიერისთვის . თავისთავად ტენუარის სისტემა არ წარმოადგენს ხარისხის გარანტიას. მაგალითად, 1987 წელს ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ტენუარის სისტემის გაუქმებამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიან გარემოს ჩამოყალიბებას, რაც წარმოადგენს აკადემიური ხარისხი საუკეთესო გარანტიას.

უმაღლესი განათლების რეფორმები

საბჭოთა სისტემიდან პოსტ-საბჭოთა, მოგვიანებით კი თანამედროვე, 21 საუკუნის უნივერსიტეტებზე გარდასვლას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვა ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის. ჩვენ მივესალმებით ხისტ და პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც შემუშავდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ძირფესვიანი რეფორმირების შესახებ. სწორედ ძირეული რეფორმა ქმნის სისტემის ჯანსაღი ზრდის საშუალებას, რასაც ქართველი ახალგზარდები იმსახურებენ, გარანტირებული უმაღლესი განათლების ინსტიტუტების არსებობით. საქართველოს მომავალი მოითხოვს მისი საოცრად მწირი რესურსების საუკეთესოდ გამოყენებას.

ფინანსური საკითხები

ამ ყველაფერს მივყავართ უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხამდე, რომელიც საერთოდ არ არის განხილული კონცეფციაში, თუმცა ის ფუნდამენტური საკითხია სისტემის ხარისხისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ კონცეფციაში შემოთავაზებული აქტივობების სრული პროგრამა სცდება ბევრი განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტსაც კი. საქართველოს რომ შევადაროთ, მაგალითად, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწია გამკლავებოდა განათლების სისტემაში ბიუჯეტის მკაცრ შემცირებას, და მათი უნივერსიტეტების წარმატება დამოკიდებული გახდა თავად უნივერსიტეტების მოქნილობაზე და ადაპტაციის უნარზე, მოეზიდათ დაფინანსების დამატებითი წყაროები, უპირველეს ყოვლისა კი - კონკურენციაზე.

ჯანსაღ სისტემაში კონკურენცია საჭიროა როგორც გარეთ, სხვა ინსტიტუტებთან და საერთაშორისო დონორებთან მიმართებაში, ასევე შიგნით, უნივერსიტეტში სწავლისა თუ კვლევის სხვადასხვა მიმართულებებს შორის. აუცილებელია კარგად იყოს გააზრებული რესურსების სიმწირე და არჩევანი უნდა იყოს ნათელი, რომ მოხდეს სოციალური უკუგების მაქსიმიზაცია, ანუ შეიქმნას დამატებითი ღირებულება ქართული საზოგადოებისთვის. შეჭირვების დროს უნივერსიტეტებმა და მათში მომუშავე პერსონალმა უნდა გააცნობიერონ ბიუჯეტის, კადრების და აკადემიური და ადმინისტრაციული სტრატეგიები: რომ ფული არ არის საკმარისი ყველაფრისთვის, ხოლო ადგილის შენარჩუნებას მხოლოდ საუკეთესო შეძლებს. ამავე დროს, საჭიროა მხარდაჭერის ინოვაციური სისტემების შემუშავება იმ ხალხის დასახმარებლად, ვინც ადგილი უნდა დაუთმოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგალითად, პენსიაში ადრეული გასვლის სქემა და სხვა სამსახურის მოძიებაში დახმარება). ფინანსური გამჭვირვალობა ასეთ მენეჯმენტს ხელს უწყობს, რაც თავის მხრივ იწვევს უნივერსიტეტის შიგნით რესურსების განაწილების ღია პროცესის წარმართვას.

ხარისხის მართვა და შეფასება

ხარისხის მართვის საქმეში პირველი ნაბიჯია იმის უზრუნველყოფა, რომ ახალი პროფესურის დაქირავება და დაწინაურება სწორი პროცესით მიმდინარეობს. სამუშაოს აღწერილობები უნდა დამტკიცდეს დეპარტამენტებისა და უნივერსიტეტის საბჭოს მიერ; დაქირავების კომისიაში უნდა შედიოდნენ გარეშე, უმჯობესია საერთაშორისო, ექსპერტები; უნდა არსებობდეს პრობაციის პერიოდი, სანამ მოხდება ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დამტკიცება; ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს აკადემიური პერსონალის შეფასება დეპარტამენტის ხელმძღვანელის ან დეკანის/პროვოსტის მიერ, ასევე თითოეული დეპარტამენტის შეფასება ყოველ 3-5 წელიწადში როტაციის პრინციპით. თითოეულ უნივერსიტეტს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს ხარისხის შემოწმების სისტემა ექსპერტების მიერ თვისებრივი შეფასების, ასევე ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლებისა (KPI) და სტუდენტური შეფასების საფუძველზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კონკურენცია, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდების, სასწავლო პროგრამების, დეპარტამენტების, კვლევის და ზოგადად ინსტიტუციური მენეჯმენტის შეფასებაზე, წარმოადგენს სწავლებისა და კვლევის ხარისხის საუკეთესო შესაძლო გარანტიას ხანგრძლივი დროის განმავლობაში (მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების განსაზღვრა ხარისხის მართვისა და აუდიტისთვის; რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს ან ცენტრალიზებულ, ან დეპარტამენტების დონეზე,).

აკადემიური თვითმმართველობა

უნივერსიტეტის ავტონომიურობის ცენტრალური საკითხი არის აკადემიური თვითმმართველობა - სტუდენტებისა და პროფესორების შერჩევა, პროგრამებისა და კურსების შინაარსი, შეფასებისა და გამოცდების ფორმები - ამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ხოლო ძალაუფლება ყოველთვის დაკავშირებულია ფინანსების განკარგვასთან. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებსაც გავლენა აქვს აკადემიურ საკითხებზე (სწავლება და კვლევა), მიიღება პროფესურის მიერ (რომელსაც ეხმარებიან პროფესიონალი ფინანსისტები ბიუჯეტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე), უნივერსიტეტის დეპარტამენტთა საბჭოები, რომლებიც მოიაზრებიან კონცეფციაში, უნდა მიდიოდეს საერთო საუნივერსიტეტო, არჩეულ საბჭომდე, რომელსაც უხელმძღვანელებს რექტორი და სადაც ღიად იქნება განხილული ფინანსების გადანაწილების საკითხები. მხოლოდ ამ გზით შეძლებს პროფესურა გაიაზროს თუ რას ნიშნავს იყო დიდი უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი, და როგორ უნდა მოხდეს ზოგიერთების ინტერესების შეწირვა ყველას სასიკეთოდ. ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს უნივერსიტეტის მმართველობა და პირადი ავტონომია, ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტში. თუმცა მეცნიერები ჭკვიანი ხალხია, და სრული ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ისინი რაციონალურ დასკვნებს გამოიტანენ. თუ მათ მხოლოდ ამბის ნაწილს მოვუყვებით, ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას შეეცდებიან.

კვლევითი ინსტიტუტების ადგილი

საქართველომ სწორი გზა აირჩია, როდესაც კვლევითი ინსტიტუტები უნივერსიტეტების ფარგლებს შიგნით მოაქცია, ამით ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი პრინციპის დამკვიდრებას, რომ სწავლება და კვლევა განუყოფელი ნაწილებია, და საშუალება მისცა სტუდენტებს შეესწავლათ სამეცნიერო მეთოდოლოგია სწავლის დასაწყისშივე. ეს არის საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ გავრცელებული მიდგომა მსოფლიოს უმაღლესი განათლების სისტემებში, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც ინარჩუნებენ დამოუკიდებელი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ცალ-ცალკე თანაარსებობას, მძიმე მუშაობა უწევთ ასეთი გაყოფით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. თუ გავითვალისწინებთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მუდმივად მზარდ ხარჯებს, კვლევის უნივერსიტეტებში განვითარება არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას აძლევს უნივერსიტეტს შეიძინოს აღჭურვილობა და ლაბორატორიებისთვის საჭირო სხვა საგნები, როგორც კვლევისთვის ისე სწავლებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უნივერსიტეტების რექტორებმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ და დაიწყონ მუშაობა კოლეგებთან კვლევითი ინსტიტუტებიდან რათა განსაზღვრონ მომავალი თანამშრომლობის სფეროები და შეიმუშაონ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების სათანადო მეთოდები. ასეთი ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას ორივე მხარისთვის; სამინისტროს კი ექნება შესაძლებლობა მონახოს მცირე თანხები, რითაც წაახალისებს მსგავსი ინტეგრაციის საუკეთესო მოდელებს, განსაკუთრებით კი იმათ, სადაც სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული.

გარდამავალი პროცესი

ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ უნდა მოხდეს უმაღლესი განათლების არსებული მიზნებისა და სტრუქტურების გადახედვა შეცვლილი გარემოს, დროის და იმ ფინანსური ლიმიტების გათვალისწინებით რომელიც ახლაა. ეს ნამდვილად არ არის ადვილი. მხოლოდ ობიექტურ საფუძვლის გააზრება, რომელიც მიგვიყვანს სანდო გადაწყვეტილებამდე უზრუნველყოფს წარმატებას. შევნიშნეთ, რომ კონცეფცია არაფერს ამბობს კვლევის დახმარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის - კონკურენტული სრულყოფილების შესახებ გარეშე დაფინანსების, მაგალითად უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ევროკავშირის ფულის მოსაპოვებლად. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის სფეროები, რომლებშიც საქართველოს აქვს შედარებითი უპირატესობა (ამის დადგენა შესაძლებელია თუ გავაანალიზებთ რომელი სფეროები ფინანსდებოდა ყველაზე მეტად ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოელი დონორების მიერ).

ასევე შევნიშნეთ, რომ პერსონალისა და სტუდენტების რიცხობრივი შეფარდება ძალიან დაბალ დონეზეა ზღვართან და ამ შეფარდების აწევა შესაძლებელია პროფესურის პენსიაში გასვლის შემდეგ, რათა მოხდეს ამ რიცხვების გათანაბრება მსოფლიოს უნივერსიტეტებში მიღებულ წესთან; ამის მსგავსად, მაღალია ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობაც, რომლის შემცირებაც შესაძლებელია პროგრესულად, პერსონალის სხვა არსებულ თანამდებობებზე გადანაწილებით.

უნდა მოხდეს დანაზოგების გამოყენება იმ ახალგაზრდა პროფესურის აკადემიური ხელფასების გაზრდისთვის, რომელთა დაქირავებაც მოხდა ახალი მკაცრი შერჩევის პროცესით, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის პრინციპების დაცვით ჩატარდა; შემდეგ კი ამ კადრებს ხშირად სთავაზობენ შეიტანონ განაცხადი დაწინაურებაზე, რომელიც ასევე არის საუნივერსიტეტო შიდა პროცესი. მსგავსი პროცედურა ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს უნივერსიტეტში, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის შენარჩუნება მოხდეს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე.

არსებულ პერსონალს ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განაცხადი შეიტანოს დაწინაურებაზე იმავე სტანდარტის კონკურსში, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და საერთაშორისო კოლეგების შეფასებას, პუბლიკაციების ჩამონათვალს (უმჯობესია რეფერირებულ ჟურნალებში), მოპოვებულ გრანტებს, გარეშე ექსპერტების მიერ გაცემულ სარეკომენდაციო წერილებს, რომელთა გაგზავნაც პირდაპირი წესით მოხდება დაწინაურების კომისიისა ან რექტორთან. თუ არ მოხდება ამ პროფესორების დაწინაურება, დაქირავებული პერსონალი არ დაკარგავენ სამსახურს, არამედ პირიქით, სურვილის შემთხვევაში გააგრძელებენ იმავე დონეზე იგივე ხელფასით მუშაობას მანამ, სანამ არ გავლენ პენსიაში. დაწინაურება იძლება საშუალებას ყველა პროფესორმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში იმ სასათბურე მდგომარეობის თავიდან აცილებით, რომელშიც ადამიანს ტენუარის პრინციპი აყენებს.

დასკვნის სახით, გვინდა მივესალმოთ კონცეფციის ავტორებს ასეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი დებატების წამოწყებისთვის უმაღლესი განათლების საკითხებზე. მიუხედავად ამისა, ტენუარის სისტემაზე ასეთი მძლავრი კონცენტრაციით და კვლევის გარშემო ფინანსური და გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურების მობილიზებით, კონცეფცია უგულებელყოფს სწავლების ცენტრალურ ადგილს უმაღლეს განათლებაში, და სათანადოდ არ აფასებს უნივერსიტეტის როლს ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. მას ასევე სჭირდება საჯარო სექტორის მიერ დაფინანსების შესაძლებლობების უფრო მეტად პრაქტიკული ანალიზი. მძიმე არჩევანი უნდა იქნას გაკეთებული კონკურენტულ მოთხოვნებს შორის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით. ხოლო პრიორიტეტები ისე უნდა შეირჩეს, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს ქართულ საზოგადოებას.

ამ წერილის ავტორები მოხარულები ვიქნებით, სურვილის შემთხვევაში, გავაგრძელოთ კონსულტაციები კონცეფციის შემდგომი დახვეწის ეტაპზეც.

პროფესორი ლუი მაიო, მონრეალის უნივერსიტეტი, კანადა
კანადის სამეფო საზოგადოების მკვლევარი და მონრეალის უნივერსიტეტის სოცილოგიის მიმართულების პროფესორ ემერიტუსი. იყო მონრეალის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დეკანი და ვიცე-რექტორი. არის 100 მეტი წიგნისა და სტატიის ავტორი სოციალური მოძრაობების, სოციალური კლასების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების, უნივერსიტეტებისა და სამაგისტრო/სადოქტორო სწავლებების შესახებ. იყო ამ მიმართულებებით სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელი: კვლევების კანადის ინსტიტუტი, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების კანადის ასოციაცია, აშშ-ს სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლესი სკოლის საბჭო და კვლევის ეროვნული საბჭო (დოქტურანტურის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიური კომიტეტი), კვებეკის უნივერსიტეტების საბჭო, კვებეკის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დეკანთა ასოციაცია, სოციალურ მეცნიერებათა კანადის ფონდი.

ენ ლონსდეილი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
(CBE, MA) 1996-2008 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ნიუ ჰოლის კოლეჯის (ამჟამად მიურეი ედუარდსის კოლეჯი) პრეზიდენტი. 1998-2003 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის თანაშემწე, ხოლო 2008 წელს - ვიცე-კანცლერის მოადგილე. 1993 წლიდან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენერალური მდივანი ბუდაპეშტში, პრაღასა და ვარშავაში. უნივერსიტეტის მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე მუშაობდა ევროპას, ამერიკას, ჩინეთს, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშიამჟამად ენ ლონსდეილი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის უმაღლესი აღმასრულებლის მოადგილე და ლტოლვილ აკადემიკოსთა დახმარების საბჭოს თავმჯდომარე (CARA) დიდ ბრიტანეთში. ის ასევე არის ვილნიუსის ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ნდობით აღჭურვილი პირი (2004 წელს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ მინსკში არსებული იმავე უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ), და ნაზარბაევის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროვოსტი, ყაზახეთი.

პროფესორი როლანდ დენროიტერი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
ვესტმინისტერის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთოერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთოერთობების მიმართულების საერთაშორისო მრჩეველი. სხვადასხვა დროს იყო ედინბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის წევრი, და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი.


თბილისი
09/12/12

No comments:

Post a Comment