Monday, January 28, 2013

განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტის შესახებ

ღია წერილი

წერილით ჩვენ გვინდა გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტისადმი (ავტორები: გია დვალი, ზაალ კოკაია, ვაჟა ბერეჟიანი, დავით ლორთქიფანიძე), რომელმაც შემოიტანა ახალი ხედვა საქართველოში მეცნიერული კვლევის სფეროს განვითარებაში და რომელიც ეფუძნება თანამედროვე, მაღალგანვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს.

კონცეფციაში ჩამოყალიბებულია საერთაშორისო პრინციპები, რომელსაც უნდა დაეყრდნოს მეცნიერების რეფორმა და რომელიც მისცემს საქართველოს საშუალებას დაიკავოს ღირსეული ადგილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში. პროექტის მიზანია აკადემიური სისტემის ფუნდამენტური რეფორმა იმ კონცეფციებზე დაფუძნებით, რომელიც მსოფლიო სტანდარტს წარმოადგენს, მაგრამ, ჯერ არ დანერგილა საქართველოში. ეს კონცეფცია მოიცავს აკადემიური თავისუფლების, აკადემიური მიუკერძოებლობის და აკადემიური ხარისხის ცნებებს, რომლებიც ეფუძნება ეგრეთწოდებული ტენუარის სისტემას, რომლის თანახმად მეცნიერული საზოგადოება არის თვითრეგულირებადი და თვითმმართვადი ორგანიზმი, რომლისთვისაც ზემოდან მოხვეული დიქტატი დამღუპველია. მეცნიერული ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანასწორუფლებიან კოლეგათა მიუკერძოებელი ურთიერთშეფასების გზით. პრინციპის არსია, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები წარჩინებული მკვლევარების გარშემო აწყობილი სტრუქტურებია. ინსტიტუტის მთავარი დანიშნულებაა ემსახურებოდეს მკვლევარის სამეცნიერო მიზნებს.

ცოდნის მოპოვებისა და გავრცელების მაქსიმალური ეფექტიანობა მოითხოვს, რომ უნივერსიტეტი იყოს ამავდროულად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. აკადემიურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ პროფესორ-მასწავლებელი, მკვლევარი იყოს თავისუფალი შემოქმედი პიროვნება, რომ აკადემიური თავისუფლება თანამედროვე უნივერსიტეტის მოწყობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. იგი აუცილებელია მაღალი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ხარისხის მისაღწევად და იმისთვის, რომ უნივერსიტეტი წონასწორობაში იყოს დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასთან. აკადემიური თავისუფლება აუცილებელია იმისათვის, რომ აკადემიურმა სისტემამ თავისი მისია შეასრულოს. პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევარებს მინიჭებული უნდა ქონდეთ სრული თავისუფლება - ასწავლონ და გაავრცელონ იდეები მათი მეცნიერული მრწამსის შესაბამისად, იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა მათი იდეები ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების თუ მმართველი წრეების ინტერესებს. აკადემიური მოღვაწეობა მათ არ უნდა უქმნიდეს სამუშაოს დაკარგვის ან რაიმე პიროვნული თუ პროფესიული რეპრესიების საფრთხეს. უნივერსიტეტის მთავარი საზრუნავი არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარების მოზიდვა და მათი შენარჩუნება სათანადო აკადემიური და მატერიალური პირობების შექმნის გზით. კონტიგენტის მონახვა გულისხმობს მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ, მოცემულ დარგში მოღვაწე და წარჩინებულ მეცნიერთა გარკვეული რაოდენობის კონფიდენციურ გამოკითხვას. მათ წერილობით უნდა დაახასიათონ კანდიდატები, შეადარონ ისინი ერთმანეთს და ამავე დარგში მოღვაწე სხვა მეცნიერებს. ამგვარად ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ხდება კანდიდატთა გაცხრილვა.

ტენუარის სტატუსის მინიჭების კარგად გააზრებული და კონკურენტული პროცესი არის სამეცნიერო და სასწავლო ხარისხის გარანტი, ხოლო ტენუარის სისტემაზე გადასვლის აუცილებელი პირობაა ის, რომ გადასვლა მოხდეს უმტკივნეულოდ და შოკური თერაპიის გარეშე, რაც არ უნდა მოხდეს არსებული მეცნიერ-პედაგოგების აკადემიური კარიერის რისკის ფასად. ახალმა სისტემამ სტაბილურობა უნდა მოუტანოს ყველას.

ამავდროულად გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ბოლო პერიოდში გავრცელებული ვარაუდებისადმი, რომელთა განხორციელებას შეუძლია რისკის ქვეშ დააყენოს მეცნიერების რეფორმა. არის საშიშროება რეფორმის კონცეფციის პროექტი არაერთგვაროვნად იქნას აღქმული ქართული სამეცნიერო საზოგადოების მიერ. იყოს მცდელობა ინსტიტუტების უნივერსიტეტებიდან გამოყოფის და მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ, აგრეთვე საბჭოური მეცნიერებათა აკადემიის ახალი სახით აღდგენის შესახებ, რაც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის კონცეფციაში წარმოდგენილ იდეებთან. არ უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში პროფესორის მუდმივი პოზიციის შემოღება კონცეფციაში წარმოდგენილი ძირითადი პრინციპების გვერდის ავლით. მსგავსი მოსაზრებები გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები შეიძლება გახდეს ძველი სისტემის რეაბილიტაცია, ან „ახალი“ სისტემის შექმნა წარმოდგენილი კონცეფციის ძირითადი პრინციპების დამახინჯების ხარჯზე, რაც დამღუპველი იქნება მომავალი ქართული მეცნიერებისთვის.

ერთი მხრივ მთავრობის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: ჩამოაყალიბა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა წარმატებული ქართველი მეცნიერები; განათლება და მეცნიერება გამოცხადდა პრიორიტეტულად და 2013 წლის ბიუჯეტში გაიზარდა დაფინასება. გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზრდილი საბიუჯეტო ფონდიდან (70 000 000 ლარი) მხოლოდ 5 000 000 ლარია გამოყოფილი მეცნიერების რეფორმისთვის, რაც ძალიან მცირეა მისი განხორციელებისთვის.

ცალკეული ინდივიდების სურვილის მიუხედავად ქვეყანაში ვერანაირი რეფორმა ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სახელმწიფოს ნება ამ საკითხში. დღეისათვის რეალობა ისეთია, რომ მეცნიერების გადარჩენისათვის ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. რეფორმების არსებული ტემპი განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა მეცნიერთა მდგომარეობაზე და იწვევს მათ გადინებას. არსებობს რეალური საშიშროება, რომ რეფორმების დროში გაწელვის შემთხვევაში ქვეყანაში აღარ დარჩება ქმედითი სამეცნიერო ჯგუფები, რომელთა გაძლიერებისთვისაც არის ჩაფიქრებული ეს რეფორმა. ამიტომ, ჩვენი თხოვნაა, დროულად დაიწყოს მეცნიერების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და გამოინახოს ამისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მეცნიერება დარჩება მომავლის გარეშე.


მეცნიერთა ჯგუფი


1
შოთა ადამია
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ თანამშომელი.

2
ნინო წერეთელი
მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ თანამშომელი.

3
ოთარ ვარაზანაშვილი
მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ თანამშომელი. ელ-ფოსტა:

4
მარიკა ტატიშვილი
მეცნიერებათა დოქტორი, სტუ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშომელი.

5
გურამ ზაქარიაძე
მეცნიერებათა დოქტორი, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგი.

6
თამარ ჩხოტუა
მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ალ.ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშომელი.

7
ვლადიმერ გუგუშვილი
მეცნიერებათა დოქტორი, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგი.

8
ირაკლი შავიშვილი
მეცნიერებათა დოქტორი, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგი.

9
რამაზ მიგინეიშვილი
მეცნიერებათა დოქტორი, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“, გეოლოგი.

10
ალექსანდრე ჭაბუკიანი
მეცნიერებათა დოქტორი, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგი.

11
დავით ზაქარაია
მეცნიერებათა დოქტორი, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგი.

12
ალექსანდრე ბუკია
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ გეოლოგი.

13
დიმიტრი ჯავახიძე
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“, გეოლოგი.

14
ნინო სადრაძე
თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი.

15
ალექსანდრე გვენცაძე
თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი.

16
ნინო გოგუაძე
თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი.

17
სოფიო ვეფხვაძე
თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი.

18
ირინე ხვედელიძე
თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი.

19
ონისე ენუქიძე
თსუ მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერთანამშრომელი.

20
ვიქტორ ალანია
გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, გეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი; საერთაშორისო ლითოსფეროს პროგრამის საქართველოს ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე.

No comments:

Post a Comment